აშშ, მაზდა ცეიქს-5, მაზდა, მაზდა მიატა, მაზდა3, მაზდა ცეიქს-50, მაზდა ცეიქს-70, მაზდა ცეიქს-90
Aa
Aa

Mazda-ს რთული იანვარი ჰქონდა — აშშ-ში, ერთის გარდა, ყველა მოდელის გაყიდვები შემცირდა

Mazda-სთვის აშშ-ში 2026 წელი საუკეთესოდ ნამდვილად არ დაწყებულა... თუ რიცხვი გაინტერესებთ, გასული წლის იანვართან შედარებით, მიმდინარე წელს იაპონური ავტომწარმოებლის გაყიდვები 14%-ით შემცირდა... ეს ერთადერთი SUV-ის გარდა ყველა მოდელზე აისახა. სირთულეების მიუხედავად, კომპანიამ მაინც განაცხადა, რომ ეს აშშ-ის ბაზარზე ყოფნის 55-წლიანი ისტორიის განმავლობაში, Mazda-სთვის მე-3 საუკეთესო იანვარი იყო.  

კერძოდ, გასულ თვეში კომპანიამ შტატებში 28 958 ავტომობილი გაყიდა — 2025 წლის იანვარში ეს რიცხვი 33 681-ს შეადგენდა. ვარდნა Mazda3-ით იწყება — მისი გაყიდვები 17.1%-ით, 2 473 ერთეულამდე შემცირდა. თუ კიდევ უფრო დავწვრილმანდებით, საინტერესო ტენდენციას შევამჩნევთ — მოდელის სედანზე არჩევანი წელს 39.4%-ით ნაკლებმა მძღოლმა შეაჩერა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ჰეჩბექ ვერსიის გაყიდვები 35.6%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვნად დავარდა MX-5-ის გაყიდვებიც — იანვარში მიატა მხოლოდ 395-მა (42%-ით ნაკლები გასულ წელზე) მძღოლმა იყიდა. CX-30-ს კიდევ უფრო რთული თვე ჰქონდა, მისი გაყიდვები 63.6%-ით შემცირდა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. 

ყველაზე პოპულარულ მოდელად Mazda CX-5 დარჩა, თუმცა ამ უკანასკნელის გაყიდვებიც 8%-ითაა შემცირებული... შესაძლოა, სიტუაცია სრულად განახლებულმა ვერსიამ გამოასწოროს, რომელიც სადილეროებში მალე გამოჩნდება. 

წარუმატებლობას კი CX-70 და CX-90 აგვირგვინებენ, რომელთა გაყიდვებიც, შესაბამისად, 29%-ითა და 49.4%-ით დაეცა. 

ერთადერთი წარმატებული მოდელი

ნავსის გატეხვა მხოლოდ ერთმა მოდელმა, Mazda CX-50-მა შეძლო. გასულ თვეში ის 64.4%-ით მეტმა, 10 415-მა ამერიკელმა იყიდა, რაც CX-50-ის არსებობის ისტორიაში იანვარში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის რიცხვები უარყოფითი იყო, ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ბაზრებზე კომპანიამ მშვენიერი შედეგები დააფიქსირა — მაგალითად, კანადაში გაყიდვები 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო მექსიკაში — 11%-ით.

საბოლოოდ, მომდევნო თვეები გვაჩვენებს, სერიოზულია ეს უარყოფითი ტენდენცია, თუ უბრალოდ კონტექსტიდან ამოვარდნილი უიღბლობაა...

თქვენ რომ ყიდულობდეთ, რომელ Mazda-ზე შეაჩერებდით არჩევანს? გვითხარით კომენტარებში...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები