მერსედესი, მერსედეს ბენცი, მერსედესი ც63
Aa
Aa

ოფიციალურად: Mercedes-AMG 4-ცილინდრიან C63-ს აღარ გამოუშვებს

ოთხცილინდრიანი C63, რომელიც უდავოდ AMG-ის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მოდელია, ისტორიას ჩაბარდება. გერმანულმა ავტომწარმოებელმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ 4-ცილინდრიანი ძრავის ეპოქა ამ მოდელისთვის სრულდება. სპორტული სედანი არსებობას განაგრძობს, თუმცა უფრო დიდი მოცულობის ძრავით, ჰიბრიდული დანამატის გარეშე და სხვა სახელით.

AMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ შიბემ Edmunds-თან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამინდელი C63 ადგილს დაუთმობს სუფთა ბენზინზე მომუშავე სისტემას, რომელიც მწკრივი (Inline) 6-ცილინდრიანი ძრავის სახით იქნება წარმოდგენილი. ინჟინრები ავტომობილში 3-ლიტრიან ტურბო-ძრავას ათავსებენ — ისინი CLE 53-დან ისესხებენ M256M აგრეგატს, რომელიც 443 ცხენის ძალასა და 560 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს.

რთული სათქმელია, ახალი მოდელის სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაშიც კი, შეძლებს თუ არა ახალი სისტემა წინა (არსებული) C63-ის მაჩვენებლებთან კონკურენციის გაწევას. ამჟამინდელი ჰიბრიდული სისტემა ჯამში 671 ცხენის ძალასა და 1 020 ნიუტონ-მეტრს აღწევს. თუმცა, მხოლოდ მშრალი ციფრები სრული სურათისთვის საკმარისი არ არის, რადგან ჰიბრიდული კომპონენტების მოხსნა მანქანის წონას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ 6-ცილინდრიანი ძრავა უფრო მეტს იწონის, ვიდრე 4-ცილინდრიანი M139l, ახალი C53 საერთო ჯამში უფრო მსუბუქი უნდა იყოს. აშშ-ის სპეციფიკაციით, C63-ის წონა დაახლოებით 2 185 კილოგრამია. სავარაუდოდ, ახალი C53 დაფუძნებული იქნება C-Class-ის განახლებულ (Facelift) ვერსიაზე, რომელიც უახლოეს თვეებში გამოვა.

ცნობისთვის, C63-ის არსებული თაობა Plug-in ჰიბრიდულ სისტემას იყენებს, რომელიც 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავასა და ავტომობილის უკანა ნაწილში, დამონტაჟებულ ელექტროძრავას აერთიანებს. ამას ემატება 6.1-კილოვატიანი, ლითიუმ-იონური ბატარეის პაკეტი. შედეგად, ავტომობილი 671 ცხენის ძალას და 1 020 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოდელი 2 200 კილოგრამსაც იწონის.

საინტერესოა, რომ AMG-ის ხელმძღვანელმა 4-ცილინდრიანი ძრავის ამოღების მიზეზად არა ენთუზიასტების უკმაყოფილება, არამედ Euro 7-ის რეგულაციებთან მისი შეუსაბამობა დაასახელა. მისი თქმით, მცირე მოცულობის ძრავის მორგება ახალ ეკო-სტანდარტებთან საკმაოდ რთულია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები