ალპინა, ბიემვი, ბეემვე
Aa
Aa

BMW-მ Alpina საბოლოოდ „გადაყლაპა“ და მისთვის ახალი გეგმები აქვს

ამჟამად Alpina-ს სრულად BMW აკონტროლებს და გადაწყდა, რომ ძველი ლოგოტიპი ბრენდს ახალ ეპოქაში აღარ გადაჰყვება. რებრენდინგის შედეგად, ლოგო ტრადიციულ დეტალებს შეინარჩუნებს, თუმცა მეტწილად, მაინც შეიცვლება. მაგალითად, შეუცვლელად შენარჩუნდება წრიული ფორმა, როგორც მთავარი კონცეფციები, რაც Alpina-ს იდენტობას ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდნენ. განსხვავება შესრულებაშია — უფრო მკვეთრი და სუფთა ხაზები, ნაკლებად ჭრელი ფერთა გამა და თანამედროვე, მინიმალისტური ფორმები. ასევე, ლოგოზე გაქრა ფარის ფორმის ფონიც. 

ახალი ლოგოს გამოჩენა შემთხვევითი არ არის. მართალია, BMW-მ კომპანია 2022 წელს შეიძინა, თუმცა მას ტრანზიციის პერიოდი გამოუყო — მიმდინარე წლის იანვარში კი გერმანულმა გიგანტმა Alpina, როგორც ცალკე მდგომი ბრენდი, საბოლოოდ გადაყლაპა და მწარმოებლის შიდა სტრუქტურაში გააერთიანა.

შესაბამისად, ამიერიდან Alpina აღარ იქნება დამოუკიდებელი ტუნინგ ატელიე, რომელიც BMW-სთან თანამშრომლობდა და ავტომობილებს საკუთარი ძალებითაც უშვებდა ხოლმე. ყველა მოდელის წარმოება ახლა ბავარიული კომპანიის მიერ წინასწარ შერჩეულ ქარხნებში გადავა, რომლებიც აღჭურვილები არიან საიმისოდ, რომ Alpina-ს უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილონ. 

რა თქმა უნდა, ალპინას ტრადიციული, თავშეკავებული ტუნინგ სტილი არ შეიცვლება — შენარჩუნდება მდიდრული მასალები და მაქსიმალური პერსონალიზაცია, რაც Alpina-ს სწრაფ და ელეგანტურ ავტომობილებს ენთუზიასტთა შორის საკულტო მოდელებად აქცევდა.

BMW-ის განცხადებით, ბრენდის შემდეგი მოდელები მეტად შორი დისტანციის პერფორმანსსა და უმაღლესი დონის კომფორტზე იქნებიან ორიეტირებული. თუ ამას რიგითი მოკვდავების ენაზე ვიტყვით — Alpina, არსებულ გეგმებში, პერფორმანსით გერმანული კომპანიის სპორტქარების გვერდით (M მიმართულებაზე ოდნავ ქვევით) დგას, ხოლო ხასიათით და ფასით Rolls Royce-ს შეეჭიდება.  

მსგავსი სიახლეები