ისტორიაში პირველად, Mercedes S-Class-ში ნაჭრის სავარძლებს ვიხილავთ
ათწლეულების განმავლობაში Mercedes S-Class-ი სიმდიდრისა და ფუფუნების განმსაზღვრელი ავტომობილი იყო, რომელიც თავის სტილსა და სტატუსს წლების განმავლობაში ურყევად ინარჩუნებდა. შესაბამისად, თითოეული დეტალი, როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში, დიდი ყურადღებით იყო შერჩეული და, რა თქმა უნდა, მოდელის მაღალ ხარისხსაც უსვამდა ხაზს.

Mercedes-Benz S-Class-ის განახლებას ალბათ ფეისლიფტს უფრო ვუწოდებთ, ვიდრე ახალ თაობას, თუმცა გერმანული კომპანია ამ მოდელში რიგ ცვლილებებს გვთავაზობს, რომელთა ყურადღების მიღმა დატოვებაც შეუძლებელია. თუმცა შეცვლილი ექსტერიერის მიღმა — რომელშიც სულ მცირე 20%-ით გაზრდილი ცხაურიც კი შედის, თავისი ვარსკვლავური განათებებით — არანაკლებ საინტერესო რამ ამ „ესის“ ინტერიერში იმალება.
ასევე დაგანიტერესებთ: ძველი სტილი და თავბრუდამხვევი ძრავების ნაზავი | 2027 წლის Mercedes S-Class
კერძოდ კი, S-Class-ის 54-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, Mercedes-ის მდიდრული სედანის მფლობელებს ნაჭრის სავარძლების არჩევა შეეძლებათ. ეს შესაძლოა, ერთი შეხედვით, რევოლუციად სულაც არ ჟღერდეს, თუმცა S-Class-ის მაღალი ხარისხის ტყავით დაფარულ სავარძლებს თუ გავიხსენებთ, მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ამასთან ერთად კი, ტყავი წლებია ყველაზე მდიდრულ სალონურ მასალად ითვლება და ბევრი ბრენდი მისი ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების დანერგვაზეც მუშაობს.


ახლა კი, როგორც ჩანს, S-Class-ის სულ მცირე ერთი ვერსია მაინც, საბაზისო დონის დიზელის ძრავაზე მომუშავე S350d, ახლა უკვე ტყავის სავარძლების გარეშეც იქნება შემოთავაზებული. ამის სანაცვლოდ, მომხმარებლებს შეეძლებათ სავარძლების შუა ნაწილისთვის სელისა და გადამუშავებული პოლიესტერის კომბინაცია აირჩიონ, რომელსაც Mirville fabric stormy grey ეწოდება და Artico-ს ტყავის საყრდენებთან შეახამონ.
თუმცა არ იფიქროთ, რომ ნაჭრის სავარძლებით S-Class-ის ღირებულება მცირედით მაინც დაიკლებს. პირიქით, რეალურად, მომხმარებლები უფრო მეტს გადაიხდიან. მიუხედავად იმისა, რომ შავი ტყავის ვერსია უფასოა, ნაჭრის სავარძლის არჩევა ითხოვს შესაბამისი პაკეტის დამატებას — „ელექტრო რეგულირებადი უკანა სავარძლები მეხსიერების ფუნქციის ჩათვლით“, რაც $2 200-მდე ჯდება. ასე რომ, არაა გამორიცხული, მძღოლების ნაწილმა პაკეტის შეძენაზე უარი თქვას.
თქვენ შეიძენდით S-Class-ს ნაჭრის სავარძლებით თუ „ტრადიციულ“ ვარიანტს ანიჭებთ უპირატესობას?