WhistlinDiesel-მა Dodge-ის პიკაპი 17 ტურბოკომპრესორით აღჭურვა და 18 000 ცხ.ძ. მიიღო | შედეგმაც არ დააყოვნა
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და, ამავდროულად, სკანდალური კონტენტით გამორჩეულმა იუთუბერმა, WhistlinDiesel-მა, ამჯერად გადაწყვიტა თავისი ახალი ექსპერიმენტისთვის Dodge-ის პიკაპი გამოეყენებინა. ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ კი ადგა და პიკაპს 17 ტურბოკომპრესორი დაუყენა — არ გაგიკვირდებათ და ზუსტად ისეთი შედეგიც მიიღო, როგორიც წარმოიდგინეთ. ექსპერიმენტის დასასრულს Dodge უკვე 18 000 (თუ 38 000) ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა, როგორი მოსალოდნელიც ეს შედეგი იყო, წესით, არანაკლებ მოსალოდნელი გახლდათ კრახი, რომელიც საბოლოოდ Dodge-მ განიცადა.

რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელება მარტივი საქმე არაა. ეს იუთუბერმაც კარგად იცოდა და ვიდეოს დასაწყისშივე მთავარ პრობლემაზე ყურადღება თავადვე გაამახვილა. „აშკარაა, რომ ეს ყველაფერი პიკაპის მართვადობაზე საგრძნობლად იმოქმედებს“, — თქვა WhistlinDiesel-მა. თუმცა ამას ხელი მაინც არ შეუშლია, პროექტი ბოლომდე მიეყვანა.
სანამ ყველა ტურბოკომპრესორს თავის ადგილას დააყენებდნენ, WhistlinDiesel-ის გუნდმა შეამოწმა, თუ რა სიმძლავრის გენერირება შეეძლო ამ კონსტრუქციას. შედეგი ამ შემთხვევაშიც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 17-ვე ტურბოკომპრესორის სრული დატვირთვით მუშაობისას ავტომობილის გამომუშავება სულ მცირე 18 000 ცხენის ძალას მიაღწევდა. ამის შემდგომ კი ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართა.

Dodge-ის ძლევამოსილი პიკაპი მისივე კატეგორიის ავტომობილების შოუზე გაიყვანეს, რათა ეჩვენებინათ, თუ რისი გაკეთება შეეძლო მას რეალურად. თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით სულაც არ წავიდა. ამის მიზეზი ტურბინების რაოდენობა იყო, რამაც კონსტრუქცია საბოლოოდ შესამჩნევად დაამძიმა. ამავდროულად კი ავტომობილი იმაზე გაცილებით მძლავრი აღმოჩნდა, ვიდრე მისი შემქმნელები თავდაპირველად ფიქრობდნენ.
როგორც გითხარით, WhistlinDiesel-ის გუნდის წევრები მოსალოდნელი საფრთხეებისთვისაც მზად იყვნენ. კითხვა მხოლოდ ის იყო, თუ ამ პიკაპის რომელი ნაწილი გამოვიდოდა მწყობრიდან ყველაზე ადრე. შედეგმაც არ დააყოვნა. ტურბოკომპრესორების სიმძიმემ ძრავა იმდენად გადატვირთა, რომ დამატებით წარმოქმნილი სითბოს გამო პიკაპს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. თუმცა აქ მეორე მხარეცაა: თუ ჩვენ WhistlinDiesel-ის კონტენტს გადავხედავთ, რთულია ამ ვიდეოსა და ექსპერიმენტს წარუმატებელი ვუწოდოთ. ფაქტია, ის სწორედ მსგავსი ტიპის კონტენტის შექმნითაა ცნობილი და ბევრისთვის საინტერესო.