ელექტრომობილი, ჯეიმს მეი, ფერარი, გრანდ ტური, ფერარი ლუჩე
Aa
Aa

„ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა“ – ჯეიმს მეიმ Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი გამოცადა

გასულ თვეში სუპერქარების წარმოებით ცნობილმა Ferrari-მ ბაზარს მისი სრულად ახალი პროდუქტი, თავის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი წარუდგინა. Ferrari Luce დებიუტისთანავე ავტომოყვარულთა კრიტიკის მსხვერპლი გახდა და იტალიურმა კომპანიამაც ყველა გზას მიმართა, რათა მისი ახალი ქმნილება დაეცვა. მოდელის პოპულარიზაციისთვის Ferrari-მ თავისი Luce ლუის ჰამილტონსა და შარლ ლეკლერსაც შეაფასებინა და ბოლოს, ამაზეც არ გაჩერდა და თვით რომის პაპსაც მიგვარა „დასალოცად“.

ასევე იხილეთ: Luce-ს მხოლოდ პაპის დალოცვა თუ გადაარჩენს — Ferrari-ს ელექტრომობილი ლეო XIV-ს წარუდგინეს

ამჯერად მარანელოში დაფუძნებული კომპანიის პირველი ელექტრომობილი The Grand Tour-ის ყოფილი თანაწამყვანების, ლეგენდარული ტრიოს წევრმა ჯეიმს მეიმ გამოცადა. მეის, ისევე როგორც ჰამონდისა და კლარკსონის აზრი კი, დაგვეთანხმებით, არა მარტო გადაცემის ერთგულ მაყურებელთათვის, არამედ ავტომოყვარულთა დიდი ნაწილისთვის საგულისხმოა.

ამის ფონზე საინტერესოა მეის წარსულიც, კერძოდ კი, მისი ურთიერთობა Ferrari-სთან. ლეგენდარულ წამყვანს წლების განმავლობაში იტალიელების არაერთი ავტომობილი ჰყავდა და გადაცემაში LaFerrari-ც სწორედ მან დატესტა. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეის ავტოფარეხში 458 Speciale-ც კი ინახებოდა – და წესით, გეცოდინებათ კიდეც, რომ ეს მოდელი იმ კატეგორიიდანაა, რომლის შესაძენადაც მხოლოდ ფული არ კმარა. ამისათვის Ferrari-დან თანხმობაც უნდა მიიღო და მის ღირსად ჩაგთვალონ.

ვრცლად: კლარკსონისა და ჰამონდის ჯინაზე ნაყიდმა Ferrari-მ ჯეიმს მეის $200 000-იანი მოგება მოუტანა

საინტერესოა ისიც, რომ ბევრისგან განსხვავებით, მეი ყოველთვის ბევრად უფრო მიმღები იყო თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ. მას ჰყავდა წყალბადის საწვავზე მომუშავე Toyota Mirai და რამდენიმე სრულად ელექტრომობილიც.

არავისთვის სიახლე არაა ის ფაქტიც, რომ The Grand Tour-ისა და Top Gear-ის მაყურებელთა დიდ ნაწილს უბრალოდ სძულს ელექტრომობილები. რა თქმა უნდა, გადაცემა რამდენჯერმე EV-ების საკითხსაც შეეხო, თუმცა მისი სატელევიზიო ეთერის დიდი ნაწილი ბენზინის ძრავებზე მომუშავე ავტომობილებს ეთმობოდა. მათ შორის, ელექტრომობილების მიმართ არანაირი გრძნობები არ გააჩნია ჯერემი კლარკსონს, რომელმაც შოუს დასრულების ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტიც დაასახელა, რომ მას უბრალოდ „არ აინტერესებს ელექტრომობილები“.

თუმცა მეის ეს არ ადარდებს. BBC Radio 4-თან საუბრისას მან მარტივად თქვა, რომ ავტომობილი უბრალოდ მოსწონს:

„მე ის მომწონს. ვფიქრობ, საინტერესოა, რომ Ferrari-მ რაღაც ძალიან თანამედროვე და მოდერნიზებული შექმნა. ვფიქრობ, ეს ყოველთვის იყო Ferrari-ს სტილი – ისინი მუდმივად თავის ეპოქას წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ იქცევა ხოლმე მათი ავტომობილები კლასიკებად“.

ამის შემდგომ მეიმ ერთი ისტორიაც გაიხსენა, კერძოდ კი, მისი სტუმრობა Ferrari-ს ქარხანაში, დაახლოებით ოთხი ან ხუთი წლის წინ. როგორც მეი ირონიულად აღნიშნავს, მაშინ ერთ-ერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა მას კატეგორიულად განუცხადა, რომ Ferrari-ში ელექტრომობილების წარმოება არ აინტერესებდათ. თუმცა, როგორც მეი ამბობს, მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა.

იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან ისინი ამას გააკეთებდნენ. სხვაგვარად ვერ მოხდებოდა, როდესაც ხედავ, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ელექტრომობილებით. ბუნებრივია, რომ ზოგ მათგანს ელექტრო Ferrari-ც მოუნდებოდა“, – ამბობს მეი.

ჰოდა, ფაქტია, რომ მეი არც ცდება. როგორც ჩანს, ელექტრო Ferrari Luce-ზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ წინასწარი შეკვეთებით მოდელი 2027 წლის ბოლომდე სრულად გაყიდულია. ხოლო როგორც Ferrari-ს აღმასრულებელი დირექტორი ბენედიტო ვინია ამბობს, Ferrari-ს ისეთი კლიენტებიც ჰყავს, რომლებიც ავტომობილებს მათგან მხოლოდ ერთი პირობით შეიძენენ — თუ ავტომწარმოებელი მათ ელექტრომობილს შესთავაზებს. Ferrari-მ მათი მოთხოვნაც გაითვალისწინა. „თუ დაელოდები, სანამ კლიენტი თავად მოგთხოვს ამას, უკვე ძალიან გვიანი იქნება“, — აღნიშნა Ferrari-ს ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები