ელექტრომობილი, ბიემვი, ბიემვი ემ3
Aa
Aa

BMW-ის თავის პირველ სრულად ელექტროსედანს ტრადიციული სახელი შეურჩია

გერმანულმა ავტომწარმოებელმა თავისი პირველი სრულად ელექტროსედანის სახელწოდება გაამხილა. მიუხედავად გავრცელებული ვარაუდებისა, რომ BMW ახალ ავტომობილს iM3-ს დაარქმევდა, ეს მოსაზრება არ გამართლდა და, როგორც ჩანს, EV-ის სახელწოდებაც მხოლოდ M3 იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

ინფორმაცია Goodwood Festival of Speed-ზე სიტყვით გამოსვლისას უკვე დაადასტურა BMW M-ის ხელმძღვანელმა, ფრანკ ვან მილმაც. მისი თქმით, კომპანიის მხრიდან ახალი ავტომობილისთვის ისტორიული სახელწოდების შენარჩუნება ერთგვარი მინიშნებაა, რომ ელექტრო M3 არა ერთი დამოუკიდებელი მოდელი, არამედ M3-ის ოჯახის სრულფასოვანი წარმომადგენელია. ცნობისთვის, ელექტროსედანი ახალი თაობის M3-ის შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გვერდით გაიყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ავტომწარმოებლის ელექტრომობილების უმეტესობისთვის პრეფიქსი „i“ უკვე წლებია დამახასიათებელია — მაგალითად, i3 ან i5 — კომპანიაში მიაჩნიათ, რომ M3-ის იდენტობას მხოლოდ ძრავის ტიპი არ განსაზღვრავს. მთავარი, რაც BMW-ის ავტომობილებს გამოარჩევს, მართვის ხასიათი და შესაძლებლობებია.

ახალი სრულად ელექტრო M3 კი, წესით, ამ მოდელის ყველაზე ძლიერი ვერსია იქნება. BMW-ის მიერ შემუშავებული უახლესი 4-ძრავიანი ელექტროსისტემა თეორიულად 1 341 ცხენის ძალის გამომუშავების საშუალებას იძლევა, თუმცა, სავარაუდოდ, სერიული წარმოების ვერსიაში ეს მონაცემი მნიშვნელოვნად დაიკლებს. დაუდასტურებელი ცნობებით, ახალი საბაზისო მოდელის სიმძლავრე 700 ცხენის ძალას მიაღწევს.

როგორც BMW Group-ის ავტომობილის დინამიკის განყოფილების ხელმძღვანელი, კრისტიან კარგი ამბობს, M-სერიის მოდელების მთავარი უპირატესობა მათი სიზუსტე და მართვის შეგრძნებაა, ხოლო ცხენის ძალები მხოლოდ ამ ყველაფრის ნაწილია.

ცნობისთვის, ელექტრო M3-ის დიზაინი გერმანულმა ავტომწარმოებელმა ივნისში, BMW M Concept Neue Klasse-ზე, უკვე წარადგინა. მოგვიანებით კი ის Goodwood Festival of Speed-ზეც გამოჩნდა. კონცეფტი შედარებით უფრო დაბალი პროფილით, გაფართოებული ფრთებით, კაპოტზე განთავსებული შემშვებებით, ორად გაყოფილი უკანა სპოილერითა და მასიური დიფუზორით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ სერიულ ვერსიაში ამ დეტალების ნაწილი გამარტივდება, ეს კონცეფტიც ნათლად გვაჩვენებს, თუ რას უნდა ველოდოთ მომდევნო თაობის M3-სგან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები