Aston Martin Valkyrie-მ ბრიტანეთის გზებზე პირველად გაიარა
Aa
Aa

Aston Martin Valkyrie-მ ბრიტანეთის გზებზე პირველად გაიარა

Aston Martin Valkyrie-მ სარბოლო ტრეკების გარემო საჯარო მოხმარების გზებზე გაცვალა. ავტომობილი განვითარების პროცესშია და ბრიტანულმა მწარმოებელმა ტესტირების ახალი ეტაპის შესახებ სოციალური მედიის საშუალებით გვამცნო.

ბოლოს „ასტონ მარტინი-ს“ ქმნილება სილვერსტოუნზე ნარინჯისფერზოლებიანი კომუფლიაჟით ვიხილეთ. მიუხედავად მოკრძალებული მუქი ლურჯი საღებავისა, ქუჩაში გავლისას ეს ავტომობილი ყველას ყურადღებას იქცევს იმიტომ, რომ დედამიწაზე მსგავსი ფორმების და გარეგნობის არცერთი ავტომბილი არ დადის.

„ასტონ მარტინი“ მხოლოდ 150 ერთეულის წარმოებას აპირებს, აქედან 25 ტრეკისთვის გამზადებული AMR Pro ვერსია იქნება. თითოეული შედევრი 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირება. თუ ვინმეს ერთის ყიდვა გინდოდათ, არ გეწყინოთ, მაგრამ უკვე ყველა შეკვეთილია და ამ ექსკლუზიური ჰიპერქარის ახალი მფლობელები მათ დაუფლებას ელოდებიან. კომპანიის დირექტორის თქმით, „ასეთი მაღალი მოთხოვნის გამო საბოლოო წარმოებული რაოდენობა შეიძლება 900-მდე გავზარდოთ.“ პირველი „ვალკირიების“ გაცემა 2020 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჰიპერქარის ძრავა ლეგენდარული „კოსვორტის“ მიერ შემუშავებული 6,5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავაა, რომელიც 1000 ცხენისძალას გამოიმუშავებს და ძრავის მაქსიმალური ბრუნის რაოდენობა 11,000-ს აღწევს. ამასთან ერთად ავტომობილს ელექტრონული აგრეგატიც აქვს, რაც მას ჰიბრიდის სტატუს ანიჭებს და ჯამში „ვალკირიას“ 1160 ცხენის ძალა და 900 ნმ მაბრუნი მომენტი გააჩნია.

ასეთ ძლიერ და მაღალბრუნიან ძრავას ერთი მინუსი აქვს: ყოველ 100 000 კილომეტრის გავლის შემდეგ „ასტონ მარტინის“ სერვის ცენტრს უნდა ესტუმროთ, სადაც ინჟინრები ძრავას ბზარებზე შეამოწმებენ, მთლიანად დაშლიან და დგუშებს და სარქველებს ახლებით ჩაანაცვლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები