„კიონიგსეგის“ ინჟინერია, „მიცუბიშის“ დიზაინი და 3D პრინტერში აწყობა: 2021 Czinger 21C
ეს 1233-ცხენისძალიანი ამერიკული ჰიბრიდული ჰიპერქარი შესაძლოა ავტოწარმოების წესები შეცვალოს.
ახალ ამერიკულ კომპანიას Czinger-ს მათი პირველი ავტომობილის წარდგენაში ჟენევას ავტოშოუს გაუქმებამ ხელი ვერ შეუშალა. ლონდონში დახურულ ღონისძიებაზე ახალი ამერიკული ჰიბრიდ-ჰიპერქარების "სტანდარტული" და სარბოლო ვერსიების წარდგენა შედგა - Czinger 21C.

1 233 ცხენის ძალის დღეს უკვე არავის გაუკვირდება, არც ის ფაქტი, რომ ჰიბრიდია, მაგრამ თუ როგორ და რა ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიის დამაარსებელმა კევინ ზინგერმა ეს საოცარი ავტომობილი შექმნა, განსაცვიფრებელია.
დიზაინი „მითსუბიშის“ ყოფილ დიზაინერს დეივ ო’კონელს ეკუთვნის. მისი ფუტურისტული დიზაინის ინსპირაციის წყაროები საბრძოლო თვითმფრინავები და „ვარსკვლავური ომების“ ხომალდები გახლავთ, რაც სალონში ყველაზე კარგად იკვეთება.


ავტომობილის თითოეული ელემენტი 3D პრინტერშია შექმნილი. კევინ ზინგერს 3D პრიტერების კომპანია ჰქონდა - Divergent 3D. კომპანიას 3D პრინტერის 300-ზე მეტი ტექნოლოგია დაპატენტებული აქვს. კევინ ზინგერს ავტომობილის შექმნის იდეა მოუვიდა იმის გამო, რომ 3D პრინტერების მეშვეობით უფრო ზუსტი და მსუბუქი დეტალი იწარმოება. Divergent 3D-ის აღჭურვილობის გამოყენებით ავტომობილების ლიმიტირებული წარმოება დიდძალ ინვესტიციას აღარ საჭიროებდა. ამიტომ ავტომობილის ფასი მხოლოდ $1,7 მილიონს შეადგენს. ცოტა არ არის, მაგრამ წარმოების ალტერნატიული მეთოდებით იგივე მონაცემების მქონე ავტომობილის ასაწყობად ორჯერ მეტი თანხა დასჭირდებოდა.

ეს არის პირველი ჰიპერქარი, რომელიც თავიდან ბოლომდე ამერიკელია. ყველა დეტალი Czinger-ის მიერ შემუშავებული და წარმოებულია. ამ მანქანაში სხვა ბრენდს ხელი საერთოდ არ ურევია, რაც დღეს იშვიათობაა.
ძალოვან აგრეგატზე „კიონიგსეგის“ ყოფილი ინჟინერი ჯონ განერი იყო პასუხისმგებელი. მან ახალი 2,9-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V8 ძრავა შეიმუშავა, რომელიც 950 ცხენისძალას აწარმოებს და მიუხედავად ტურბოდაბერვისა, ტახომეტრზე 11 000 rpm-ის ნიშნულს აღწევს!
ძრავიდან უკანა თვლებზე ძალა 7-სიჩქარიანი კოლოფის მეშვეობით გადაეცემა. სარბოლო ვერსიაში კი Dog-Box-ის ტიპის სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დაგხვდებათ, რომელიც სტანდარტულთან შედარებით, სიჩქარეებს უფრო სწრაფად რთავს. ანალოგიური გადაცემათა კოლოფი Zenvo TSR-S-ში გამოიყენეს.
ჰიბრიდულ ნაწილს რაც შეეხება, თითოეულ წინა თვალს 200-ცხენისძალიანი ელექტროძრავა ამოძრავებს, რომოელიც მაბრუნი მომენტის გამანაწილებელი (Torque Vectoring) უახლესი სისტემით არის აღჭრვილი. იგი ავტომობილს უკეთეს მოხვევაზე ზრუნავს. ასევე ელექტრო დახმარებით დაკიდების სისტემის სიხისტე და განშლადობა რეგულირდება.
Czinger-ის მიერ გამოცხადებული მონაცემები სხვა ჰიპერქარების ფონზე მაინც შთამბეჭდავია. 0-დან 100-მდე 1,9 წამიან აჩქარებას გვპირდებიან. ზინგერი აცხადებს, რომ 400კმ/სთ-მდე აჩქარებას და კვლავ გაჩერებას მხოლოდ 29 წამი სჭირდება.
ავტომობილის ქალაქის ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 431 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო სარბოლო ვერსიის - 383 კმ/სთ. ასეთი დიდი განსხვავება სარბოლო ვერსიის მასიური უკანა ფრთით არის განპირობებული, რომელიც 790 კგ დაწოლის სიმძიმეს ქმნის, ხოლო ქალაქის ვერსიაში - 250 კგ-ს.

სხვა პროტოტიპებისგან განსხვავებით ეს ჰიპერქარები ა.შ.შ-ს ყველა შტატში და ევროპაში საგზაო მოძრაობისთვის აბსოლუტურად ლეგალურია. Ferrari FXX K-ისგან განსხვავებით, Czinger 21C-ით ქალაქის ქუჩებშიც შეგიძლიათ იაროთ.
პრეზენტაციის ბოლოს კევინ ზინგერმა ძალიან თამამი განცხადება გააკეთა: „ეს ავტომობილი მსოფლიო ტრეკების ახალი რეკორდების დასამყარებლად შეიქმნა“. ვნახოთ 1 233 ცხენისძალიანი 1 218-კილოგრამიანი ამერიკული ჰიპერქარი რას მოახერხებს.
აჯობებს თუ არა ახალი Czinger 21C-ი აეროდინამიკულად დახვეწილ McLaren Senna-ს?! ეს უკვე დროთა განმავლობაში გამოაშკარავდება.