ჰამერი, პონტიაკი, ლანჩია ბეტა, ჰამერი ეიჩ3, ჰამერი ჰ3, დელორეანი
Aa
Aa

8 ავტომობილი, რომლებსაც ავტომწარმოებლის დაღუპვაში მიუძღვით წვლილი

როცა ავტომწარმოებელი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, ყოველთვის არსებობს ერთი ავტომობილი — „გედის სიმღერა“ — რომელსაც მისი გადარჩენა ან საბოლოოდ დაღუპვა შეუძლია. ამ სიაში თქვენ შეხვდებით იმ მოდელებს, რომლებმაც კომპანიები დაღუპეს. ზოგი მათგანი სწორი ავტომობილი იყო არასწორ დროს, ზოგი კი, უბრალოდ, ჯართი გამოდგა.

AMC Pacer

მოკლა Pacer-მა American Motors Corporation (AMC)? შეიძლება — კი, შეიძლება — არც. ფაქტი კი ერთია: ამ ავტომობილის გამოსვლა კომპანიის გაკოტრებას დაემთხვა. არადა, AMC ამერიკის ბაზრის 7.5%-ს აკონტროლებდა. 1976 წელს გაყიდული 283 255 ავტომობილიდან 177 724 სწორედ Pacer-ი იყო. 1977 წელს გაყიდვები 58 264-მდე დაეცა. მისი წარმოება 1980 წელს შეწყდა, 1987 წელს კი AMC საბოლოოდ გაკოტრდა. Pacer-ის განვითარებამ კომპანიის ფინანსებს დიდი დაღი დაასვა, თუმცა კრახში როლი ბევრმა სხვა ფაქტორმაც ითამაშა.

MG XPower SV-R

MG-ზე მუშაობის პროცესში კომპანიამ წინაამძრავიანი შასის უკანაამძრავიანად გარდაქმნა და მასში V8 ძრავის ჩასმა გადაწყვიტა. ეს ლე-მანისთვის ამბიციური პროექტი იყო, რომელსაც წინააღმდეგობა Porsche-სთვის, Jaguar-ისა და Maserati-სთვის უნდა გაეწია. SV კარგი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი ფასი £75 000 ყოფილიყო; SV-R კიდევ უკეთესი გამოდგა, თუმცა არა £83 000-ის სანაცვლოდ. XPower-მა კომპანია საბოლოოდ ვერ დაღუპა, მაგრამ ამ დრამაში თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიაში 10 ყველაზე დაუფასებელი ავტომობილი

Pontiac Aztek

ბოლო Pontiac Aztek-ი წარმოებიდან 2005 წელს ამოიღეს — მისი დებიუტიდან სულ რაღაც 5 წელიწადში, რომელიც 2000 წლის დეტროიტის ავტოშოუზე შედგა. ბრენდი, რომელიც GTO-სთან ასოცირდებოდა, Aztek-ის სახით სრულ კრახს შეეჯახა. კომპანია ფოკუს-ჯგუფებმა წინასწარ გააფრთხილეს და ურჩიეს, მოდელი არ გამოეშვათ, თუმცა ხელმძღვანელობამ ეს რჩევა არ გაითვალისწინა. GM-მა Pontiac-ი 2009 წელს საბოლოოდ დახურა. ეს ბევრმა სხვა ფაქტორმაც განაპირობა, თუმცა Aztek-ის მახინჯი ვიზუალი ყოველთვის კომპანიის დაცემასთან იქნება ასოცირებული.

Cizeta-Moroder V16T

Cizeta-Moroder V16T მარჩელო განდინის დიზაინით შეიქმნა — ეს იყო მისი ხედვა Lamborghini Diablo-ს შესახებ. 6.0-ლიტრიანი, V16 ძრავის მქონე სუპერქარი მოდენაში, Lamborghini-ს ყოფილმა თანამშრომლებმა ააწყეს. მის შექმნაზე კლაუდიო ზამპოლი, ჯორჯო მოროდერი და განდინი მუშაობდნენ. გეგმის მიხედვით, 100 ერთეული უნდა გამოშვებულიყო, თუმცა მოროდერმა თანამშრომლობის გაწყვეტა და საკუთარი ინვესტიციის გატანა გადაწყვიტა. ყველაფერი წყალში ჩაიყარა — ჯამში მხოლოდ ცხრა Cizeta აიწყო.

DeLorean DMC-12

DeLorean-ის ისტორია ავტოინდუსტრიაში, ალბათ, ყველაზე სკანდალურია. კომპანიას General Motors-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯონ დელორეანი მართავდა, რომელმაც DeLorean Motor Company (DMC) 1975 წელს დააარსა. მან მოიპოვა სოლიდური სესხები, გრანტები და ინვესტიციები, თუმცა ამ ყველაფერს მრავალი შეცდომა, მცდარი გადაწყვეტილება და უიღბლობა მოჰყვა. მოგვიანებით დელორეანი 24 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინის კონტრაბანდაში დაადანაშაულეს. DMC-12 არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, როგორიც ჩაფიქრებული იყო, თუმცა კომპანიის განადგურების მთელი ტვირთი მხოლოდ მას არ უნდა დაეკისროს.

Hummer H3

Hummer-ი 2009 წელს General Motors-ის რეორგანიზაციის მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ, რაც GM-ს ბრენდის ჩინურ კომპანიაზე მიყიდვის გეგმა ჩაუვარდა, Hummer-ის წარმოება საბოლოოდ დასრულდა. არადა, ერთ დროს ეს მარკა ამერიკელებისთვის ნამდვილი სიმბოლო იყო. 2005 წელს გამოსული H3 წინამორბედებზე პატარა და დახვეწილი აღმოჩნდა, თუმცა იგი ზედმეტად არაეკონომიური და ნელი გამოდგა იმისთვის, რომ SUV-ების მზარდ სამყაროში ფეხი მოეკიდებინა.

Lancia Beta

ბრიტანელები Lancia-ს ბაზრიდან გასვლას Beta-ს მოდელს აბრალებენ. კომპანიამ ბრიტანეთში უამრავი Beta შეიყვანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ავტომობილს ჟანგვის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ტელევიზიით ამ საკითხის გაშუქებამ ბრენდს ფინანსურად მცირე, მაგრამ გრძელვადიანი ზარალი მიაყენა. Lancia-ს იმიჯი საბედისწეროდ შეელახა. იტალიაში ეს ბრენდი ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა მხოლოდ ერთ, საკმაოდ მოძველებულ საქალაქო ავტომობილს უშვებს.

Studebaker Avanti

ამ ავტომობილის დიზაინი ცნობილმა კონსტრუქტორმა, რეიმონდ ლოუიმ შექმნა. Avanti იტალიურად „წინს“ ნიშნავს და ის ამერიკულ ბაზარზე ნამდვილი მომავლის ავტომობილი იყო. თავდაპირველად მოდელი 273.5 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, გაუმჯობესებული ვერსია კი — 315 კმ/სთ-ს. ეს იყო ამერიკაში პირველი მასობრივი წარმოების ავტომობილი მინაპლასტიკის ექსტერიერით, უსაფრთხოების კარკასითა და ცხაურის გარეშე დიზაინით. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ Studebaker-ი უკვე დიდი ხანია მძიმე მდგომარეობაში იყო, Avanti-ს წარმოებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კი ეს პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა.

მსგავსი სიახლეები