Aa Aa
26 ივლისი 2022  |  10:15

ფორმულა 1-ის ისტორიაში 6 ლეგენდარული დაპირისპირება

ფორმულა 1 მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავტოსპორტის სახეობაა, რომელშიც უამრავი ფული ტრიალებს. სწრაფი ბოლიდები, საუკეთესო პილოტები და დიდი ადრენალინი... ეს არის სპორტი, რომლის გამოც სიცოცხლეს წირავენ. გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში პილოტებს შორის უამრავი საინტერესო დაპირისპირება ვნახეთ. თუმცა, ლეგენდარულს მხოლოდ რამდენიმე მეტოქეობას თუ ვუწოდებთ. ამ დაპირისპირებებმა მაყურებლებს საინტერესო სანახაობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. პილოტებს კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები მოაგებინა. ამ სიაში დღეს ჩვენ 5 ასეთ მეტოქეობას გავიხსენებთ:

ჯიმ კლარკი გრემ ჰილის წინააღმდეგ 

ეს პილოტები Lotus-ის გუნდში პარტნიორები იყვნენ და მათ 1960-იანებში ბრიტანული ავტოსპორტი სრულიად ახალ დონეზე აიყვანეს. ორივე დიდი ნიჭით დაჯილდოებული პილოტი იყო და ჩემპიონობის შანსი ორივეს ჰქონდა.

როცა 1962 წელს გრემ ჰილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მომავალ წელს კლარკმა მას აჯობა. 1965 წელს კი კიდევ ერთი ტიტული გაიფორმა, მას შემდეგ, რაც 10 რბოლიდან 6-ში გაიმარჯვა.

ჰილი მეორე ადგილას გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრასაზე ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, ტრასის გარეთ ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. ამიტომ, ჰილს გული ყველაზე მეტად დაწყდა, როცა 1968 წელს ჯიმ კლარკი ჰოკენჰაიმში ფორმულა 2-ში ავარიისას დაიღუპა. იმ წელს ჰილმა მსოფლიო ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა და გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა.

ჯეიმს ჰანტი ნიკი ლაუდას წინააღმდეგ

ეს დაპირისპირება ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილია. ლაუდას და ჰანტის მეტოქეობაზე ფილმი Rush 2013 წელს გამოვიდა და მაყურებლების გულები დაიპყრო. მხატვრული ფილმი რეალურ მოვლენებთან ძალიან ახლოსაა.

ამ ორი ლეგენდარული პილოტის მეტოქეობა ფორმულა 3-ში დაიწყო. მათ შორის დაპირისპირებას გუნდების ამბიციებიც ამწვავებდა. 1975 წელს ნიკი ლაუდამ Ferrari-ს ბოლიდით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რამაც McLaren-ი გაწბილებული დატოვა. 1976 წელს კი გულშემატკივრებმა დაუვიწყარი სანახაობა იხილეს. ნიურბურგრინგზე ავარიაში ლაუდა ძლიერად დაშავდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 42 დღის შემდეგ რბოლას დაუბრუნდა. 1976 წლის სეზონი ჰანტმა მოიგო, თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ არა ლაუდას ავარია, ჰანტი გამარჯვებას ვერ შეძლებდა.

აირტონ სენა ალენ პროსტის წინააღმდეგ

 

აირტონ სენა ამ სპორტის ბევრი მოყვარულის აზრით, ყველა დროის საუკეთესო პილოტია. თუმცა, იყო მრბოლელი, რომელმაც ის არაერთხელ დაამარცხა.

ალენ პროსტის და ბრაზილიელი პილოტის დაპირისპირება 1988 წელს McLaren-ის გუნდში დაიწყო. იმ დროისთვის ფრანგი პილოტი უკვე 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო და მას სენას ამბიციები და აგრესიული მართვის სტილი აღიზიანებდა.

პირველი შეჯახება პორტუგალიის გრან პრიზე მოხდა, როცა სენამ ახიფათო მანევრით მისი გუნდელის დაბლოკვა სცადა. ყველაფერი გაუარესდა, როცა შემდეგ სეზონში სენამ შეთანხმება დაარღვია და პირველ მოსახვევში შეჯახება გამოიწვია. პროსტიც არაფერს უთმობდა. სეზონის ბოლო რბოლაში ფრანგმა სენას დაბლოკვა სცადა. შეჯახების შემდეგ პროსტმა რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სენას კი „არალეგალური ტრაექტორიის“ გამოყენების გამო დიკვალიფიკაცია მისცეს. სენამ 1990 და 1991 წლის სეზონებში მსოფლიო ჩემპიონის ორი ტიტული მოიგო. 1994 წელს კი სან მარინოს გრან პრიზე ავარიაში დაიღუპა.

ბევრი სენას და პროსტს ყველაზე დიდ მტრებად მიიჩნევდა, თუმცა, ბრაზილიელის გარდაცვალების შემდეგ, პროსტი ერთ-ერთი იყო, ვისაც მისი კუბო მიჰქონდა. პროსტის თქმით, სენა ერთადერთი მეტოქე იყო, ვისაც პატივს სცემდა.

იკა ჰაკინენი მიხაელ შუმახერის წინააღმდეგ

მიხაელ შუმახერი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონია. მიკა ჰაკინენი კი ის პილოტია, რომელმაც „წითელი ბარონის“ დამარცხება არაერთხელ შეძლო. მათი მეტოქეობაც ფორმულა 3-ში დაიწყო. 1998-2000 წლების სეზონებში კი პიკს მიაღწია.

შუმახერი Ferrari-უნდს 1996 წელს შეუერთდა. ჰაკინენი West McLaren Mercedes-ის გუნდში 1997 წელს მოხვდა. მფრინავმა ფინელმა ჩემპიონის ტიტული 1998-1999 წლებში მოიგო. მისი და შუმახერის დაპირისპირება კი ლეგენდარულად იქცა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 1999 წელს შუმახერმა სილვერსტოუნზე ფეხი მოიტეხა და 6 რბოლის გამოტოვება მოუწია.

2000 წელს, იტალიის გრან პრიზე გამარჯვების შემდეგ, გერმანელი აირტონ სენას გამარჯვებებს გაუთანაბრდა. პრესკონფერენციაზე მიხაელ შუმახერმა ცრემლები ვერ შეიკავა. მიკა ჰაკინენმა კი ხელი გადახვია და მისი დამშვიდება სცადა.

ლუის ჰამილტონი ნიკო როზბერგის წინააღმდეგ

21-ე საუკუნის ლეგენდარული დაპირისპირება. ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ იქცნენ ბავშვობის მეგობრები ყველაზე დიდ მტრებად. ეს იყო დაპირისპირება, რომელმაც ტრასის ფარგლები დატოვა.

როზბერგი Mercedes-ის გუნდში 2010 წლიდან იყო. ჰამილტონი კი გუნდს 2013 წლიდან შეუერთდა. პირველი შეჯახება გუნდელებს შორის 2014 წლის ბელგიის გრან პრიზე მოხდა. შეჯახების შემდეგ, ორივე პილოტის ბოლიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომდევნო სეზონში როზბერგმა მალაიზიაში კვალიფიკაციის დროს ჰამილტონი დაბლოკა. ამერიკის გრან პრიზე პირველ მოსახვევში ბრიტანელმა როზბერგი ტრასის ფარგლებს გარეთ გააგდო. რბოლის შემდეგ ნიკომ ბრაზი ვერ შეიკავა და ჰამილტონს კეპი ესროლა.

2016 წელს დაძაბულობა არ განელებულა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ამჯერად გერმანელ პილოტს დარჩა. გამარჯვებიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ, ნიკო როზბერგმა ფორმულა 1-დან წასვლა გადაწყვიტა. ეს გუნდის ხელმძღვანელობისთვის ალბათ ნამდვილი შვება იყო, რადგან ორ დომინანტ პილოტთან გამკლავება მათთვის ძალიან რთული იყო.

ვერ გამოვტოვებდით

ამ დაპირისპირების ლეგენდარულად შერაცხვა ჯერ ადრეა, თუმცა 2021 წლის სეზონში მაყურებელმა დაუვიწყარი სანახაობა იხილა. ამის შემოქმედები კი ლუის ჰამილტონი და მაქს ფერსტაპენი იყვნენ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ბედი ბოლო წრეებზე გადაწყდა.

აბუ დაბის გრან პრის დასრულებამდე 5 წრით ადრე ჰამილტონი რბოლის ლიდერი იყო. მაქსი მას 12 წამით ჩამორჩებოდა. ყველაფერი რომ გეგმის მიხედვით წასულიყო, ჰამილტონი ჩემპიონის ტიტულს მერვედ იგებდა. თუმცა, ნიკოლას ლატიფის ავარიის შემდეგ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. Red Bull-მა მაქსისთვის საბურავების შეცვლა გადაწყვიტა. Mercedes-მა კი ლუისი ტრასაზე დატოვა.

უსაფრთხოების ავტომობილის უკან წრეზე ჩამორჩენილი ბოლიდები მოგროვდნენ. ლუის ჰამილტონსა და მაქს ფერსტაპენს შორის 5 ბოლიდი იყო. მაქსს ნორისის, ალონსოს, ოკონის, ლეკლერის და ფეტელის გასწრება მოუწევდა. მაიკლ მასიმ ამ 5 პილოტს უსაფრთხოების მანქანისთვის გასწრების უფლება მისცა, რამაც მაქსი ახალი საბურავებით ლუისის უკან მოახვედრა. ფერსტაპენმა კი შანსი გამოიყენა და ბრიტანელს მერვე ტიტული წაართვა.

გაზიარება: