Toyota-მ Tesla Model Y-ის ჩინური კონკურენტი გამოუშვა | თანაც, ნახევარ ფასად
თუ ფიქრობთ, რომ Toyota-ს ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოება არ შეუძლია, ძალიან ცდებით. ყოველ შემთხვევაში თუ ის ჩინეთშია წარმოებული და თან BYD-ს ბატარეებს იყენებს, ეს შესაძლებელია. Toyota ნელ-ნელა EV-ების ბაზარზე თავს იმკვიდრებს და მისი უახლესი პროექტი bZ5-ია.
ეს უკანასკნელი სწორედ ჩინეთშია შემუშავებული და ახალი ელექტრო კროსოვერი გახლავთ. FAW-Toyota-ს ერთობლივი საწარმოში შექმნილი ელექტრომობილი ჩინური გიგანტის, BYD-ის მიერ წარმოებულ ბატარეებზე მუშაობს. bZ5 არსებითად გასული წლის bZ3C-ის რებრენდირებული ვერსიაა. bZ3C კი, 2023 წელს წარდგენილი bZ Sport Crossover Concept-დან განვითარდა.
ექსტერიერით ეს მოდელიც Toyota-ს ბოლო დროინდელ დიზაინერულ ენას გაგვახსენებს. bZ5 აერთიანებს სედანის, ფასტბექისა და კროსოვერის ელემენტებს და 21-ინჩიან ალუმინის დისკებზე დგას. სალონში 15.6-ინჩიანი სენსორული ეკრანი დაგხვდებათ, ციფრული ინსტრუმენტების დაფა კი, საქარე მინასთან ახლოსაა დამონტაჟებული. წინა სავარძლები საწოლის ფუნქციასაც ითავსებს, რაც ძილის რეჟიმისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.
სხვა უპირატესობებს შორისაა პანორამული ლუქი, 10-დინამიკანი JBL აუდიო სისტემა, სუნამოს დისპენსერი (არ მოგესმათ) და მე-2 დონის ADAS სისტემების სრული კომპლექტი - ქალაქში ავტონომიური თვითმართვისთვის.
bZ5-ს ჩინეთში წარმოებული სხვა ელექტრომობილების მსგავსი ზომები აქვს. მათ შორის ისეთი, როგორიც Tesla Model Y-ია. მოდელი Toyota-ს e-TNGA პლატფორმაზეა შექმნილი. ეს უკანასკნელი bZ-ის სრული ხაზის საფუძველიც გახლავთ.
ახალი ელექტრომობილი BYD-ის Blade LFP ელემენტების პაკეტითაა აღჭურვილი, შესაბამისად 65.28 კვტ/სთ და 73.98 კვტ/სთ სიმძლავრის ვარიანტებით. Toyota-ს მონაცემებით, მოდელები ერთი დამუხტვით 550-დან 630 კილომეტრამდე მანძილს გადიან. თუ ეს საკმარისი არაა, მაშინ EV-ი სწრაფი დამუხტვის ფუნქციასაც უზრუნველყოფს და 80%-ს მისაღწევად სულ რაღაც 27 წუთი სჭირდება. ორივე ვარიანტი იდენტური სრულად ელექტრო ძრავითაა აღიჭურვილი და 268 ცხენის ძალასა და 330 ნმ-ს გამოიმუშავებენ.
ავტომწარმოებელი bZ5-ზე წინასწარი შეკვეთების მიღებას უკვე იწყებს. თუმცა ჯერ მხოლოდ ჩინეთში. საწყისი ფასი $18 000-ია, რაც დაახლოებით ნახევარია იმის, რა ღირებულებითაც ჩინურ ბაზარზე Tesla Model Y იყიდება.