ფორმულა 1, შუმახერი, მიხაელ შუმახერი, ფერარი, წითელი ბარონი
Aa
Aa

ვინ არის სამი ადამიანი, რომელთაც მიხაელ შუმახერთან ვიზიტის უფლება აქვთ?

2013 წლის ტრაგიკული სათხილამურო ინციდენტის შემდეგ, წითელი ბარონი საჯაროდ აღარ გამოჩენილა. უცნობია, თუ რა მდგომარეობაშია „ფორმულა 1“-ის ლეგენდარული პილოტი. ახლა მის მაგივრად გადაწყვეტილებას შუმახერის მეუღლე და ოჯახი იღებენ. მათ შორის, მისი მეუღლე კორინა წყვეტს თუ ვის აქვს მიხაელთან ვიზიტის უფლება.

ლეგენდარულ მრბოლელს, საფრანგეთის ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. თვეების განმავლობაში კი ის ხელოვნურ და ბუნებრივ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შუმახერზე ახლა ჟენევის ტბაზე მდებარე სახლში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის გუნდი და მისი მეუღლე კორინა ზრუნავენ. როგორ ირკვევა, კორინა, შუმახერთან ვიზიტის უფლებას მხოლოდ გერმანელის ძალიან ახლო წრეს აძლევს, რომელიც სულ სამი ადამიანით შემოიფარგლება.

2020 წელს, იტალიელმა ტელეწამყვანმა ელისაბეტა გრეგორაჩიმ - რომელიც ადრე Benetton-ის ყოფილ ხელმძღვანელზე ფლავიო ბრიოტორეზე იყო დაქორწინებული - განაცხადა, რომ მან შუმახერთან ვიზიტორების რაოდენობა იცოდა. „შუმახერი არ ლაპარაკობს, ის თვალებით ურთიერთობს“, განაცხადა გრეგორაჩიმ და დასძინა: „მხოლოდ სამ ადამიანს შეუძლია მისი მონახულება და მე ვიცი, ვინ არიან ისინი“.

ამ პირების ვინაობა The Telegraph-ის გამოძიებამ დაადგინა. გამოცემის თანახმად, შუმახერთან ფრანგ ჟან ტოდს უშვებენ, რომელსაც გერმანელთან Ferrari-ში ყოფნის დროს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.  ვიზიტორებს შორისაა როს ბრონიც, რომელმაც Ferrari-ის, 2000-დან 2004 წლამდე ზედიზედ ხუთი კონსტრუქტორთა ტიტული მოუპოვა. ამ სამეულის ბოლო წევრი კი, სავარაუდოდ, „ფორმულა 1“-ის ავსტრალიელი პილოტი ჟერარდ ბერგერია, რომელიც ტრასაზე შუმახერის მეტოქიდან ოჯახის ახლო მესაიდუმლედ იქცა.

შუმახერის ოჯახი გერმანელის პირად ცხოვრებას კვლავ ასაიდუმლოებს. რეალურად, შუმახერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არც ლეგენდის ახლო მეგობრებსა და ნათესავებს აქვთ. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, მიხაელის მდგომარეობის შესახებ განცხადება ბრიატორემ გააკეთა, რომელიც როგორც Telegraph-ის გამოძიებიდან შევიტყვეთ, შუმახერის ახლო წრის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

 

მსგავსი სიახლეები