Mercedes SL-ს „ფეისლიფტი“ გზაშია | ახალი მოდელის ჯაშუშური ფოტოები უკვე გავრცელდა
როგორც ჩანს, გერმანელი ავტომწარმოებლები განახლებების ქარცეცხლში არიან მოქცეულნი და არსებული მოდელების „ფეისლიფტებს“ თუ ახალ თაობებს წარმატებითაც გვთავაზობენ. მაშინ, როდესაც BMW თავისი ახალი დიზაინის ენის, „ნოიე კლასეს“ დახვეწაზეა სრულად გადართული, Mercedes-Benz-ი განახლებული მოდელების სერიას აგრძელებს — მათ შორისაა SL Roadster-ი, რომლის ჯაშუშური ფოტოებიც ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა.

უნდა ითქვას, რომ დღევანდელი SL გერმანული ავტომწარმოებლის თანამედროვე მოდელებში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი თაობის დებიუტიდან ოთხი წელია გასული და განახლებასაც საჭიროებდა. როგორც AMG-ის და Maybach-ის პროტოტიპების ჯაშუშური ფოტოებიდან ჩანს, ცვლილებები საკმაოდ დახვეწილი იქნება, თუმცა შესამჩნევი.

ორივე სატესტო ავტომობილის წინა მხარეს გადაკეთებული მაშუქებია და დაუფარავ ნაწილში Mercedes-ის ლოგოს ვიზუალის განათებაც ჩანს, რომელიც უკვე ამ მარკის არაერთ ახალ მოდელში ვიხილეთ. კამუფლაჟი დეტალებს ძალიან კარგად ფარავს, თუმცა ერთი შეხედვითაც ავტომობილი ძალიან ჰგავს ამჟამინდელ SL-ს. AMG ვერსიის უკანა მხარეს უცვლელად გვხვდება ნაცნობი ოთხმაგი გამონაბოლქვი სისტემა, რომელიც თითქმის იდენტურია არსებული მოდელისა. ფოტოგრაფებმა განახლებული მოდელის ინტერიერის გადაღება ვერ მოახერხეს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მოდელიც შეცვლილი საჭით იქნება წარმოდგენილი.
მთავარი სიახლე მაინც ძრავაა, თუმცა ცვლილებების მასშტაბზე დეტალები ჯერ უცნობია. დიდი ალბათობით, V8 ძრავით აღჭურვილი ყველა ვერსია, მათ შორის SL 63, ახალ M177 Evo-ზე გადავა. ეს უკანასკნელი 4-ლიტრიანი ტვინტურბო ძრავაა, რომელიც პირველად მცირე ხნის წინ S-Class-ში ვიხილეთ. ძრავა Euro 7-ის გამონაბოლქვის უახლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

სტანდარტულ ვერსიაში ის 530 ცხენის ძალასა და 723 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა ეს მოცემულობა, სავარაუდოდ, ახალი SL 63-ისთვის გაიზრდება. წინა მოდელი 577 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, ხოლო ფლაგმანური ჰიბრიდი SL 63 E Performance ამ მაჩვენებლებს 805 ცხენის ძალამდე და 1 419 ნიუტონ-მეტრამდე ზრდის.